აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა გომელაური დაასანქცირა და "გლობალური მაგნიტსკის" სიაში შეიყვანა

19 დეკემბერს აშშ-მა ვახტანგ გომელაურისა და მირზა კეზევაძის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო და "გლობალური მაგნიტსკის" სიაში შეიყვანა. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს. კერძოდ, შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, მირზა კეზევაძე აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის "სპეციალურად განსაზღვრულ პირთა სია"-ში (SDN List) მოხვდნენ. როგორც ცნობილია, SDN List-ი "ადამიანის უფლებებზე ანგარიშვალდებულების მაგნიტსკის გლობალური აქტის" საფუძველზე შეიქმნა და 2017 წლიდან მოქმედებს.


სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვაშინგტონის ეს ნაბიჯი კოორდინირებული იყო დიდ ბრიტანეთთან, რომელმაც დღეს, ასევე, შემოიღო სანქციები შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურისა და კიდევ ოთხი ძალოვნის წინააღმდეგ.


"საქართველოს არჩევნების ფონზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საკვანძო ოფიციალური პირები ჩართული იყვნენ სასტიკ და ბოროტ ზეწოლაში საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, მათ შორის განზრახ ჟურნალისტების სამიზნეში ამოღებასა და ძალადობის გამოყენებაში. შეერთებული შტატები ერთგული რჩება იმის, რომ პასუხი აგონ მათ, ვინც ცდილობს თავისი მოქალაქეების უფლებების შეზღუდვასა და ფუნდამენტური უფლებებისთვის ძირის გამოთხრას - საქართველოში და მსოფლიოს მასშტაბით," - განაცხადა აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მდივნის მოვალეობის შემსრულებელის მოადგილე ბრედლი სმიტმა.


სახაზინო დეპარტამენტის განცხადებით, სანქციებში იგულისხმება განსაზღვრული პირებისთვის (გომელაური, კეზევაძე) მთლიანი ქონების და იმ ქონებაში ინტერესების დაბლოკვა, რომელიც აშშ-ში მდებარეობს ან ამერიკელი მოქალაქეების ფლობაში და განკარგვაშია. ასევე, იბლოკება ნებისმიერი საკუთრება, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ, ცალ-ცალკე ან მთლიანობაში, 50%-ით ან მეტად სანქცირებული პირების კუთვნილებაშია.

"დამატებით, ფინანსური ინსტიტუტები და სხვა პირები, რომლებიც დასანქცირებულ პირებთან გარკვეულ ტრანზაქციებში ან აქტივობებში ჩაერთვებიან, შესაძლოა სანქციების ან აღსრულებითი ქმედებების სამიზნე გახდნენ,“ - ნათქვამია განცხადებაში.


ამასთან, აკრძალვები მოიცავს ნებისმიერი განსაზღვრული [დასანქცირებული] პირისთვის შემოწირუბლობების გაკეთებას ან მათგან, მათთვის, ან მათი სარგებლისთვის ფინანსების, საქონლის ან სერვისების მიწოდებას.


დღესვე, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულმა სამეფომ გომელაური და შსს-ს კიდევ ოთხი მაღალჩინოსანი დაასანქცირა.

ინფორმაციისთვის, "მაგნიტსკის სია" შექმნილია 2012 წლის დეკემბერში, აშშ-ის კონგრესის მიერ მიღებული “მაგნიტსკის აქტის” საფუძველზე, რომლის მიზანი თავდაპირველად რუსეთის იმ ოფიციალური პირების დასჯა იყო, რომლებსაც კავშირი ჰქონდათ კორუფციასთან მებრძოლი ადვოკატის სერგეი მაგნიტსკის სამართლებრივ დევნასა და ციხეში სიკვდილთან.


სერგეი მაგნიტსკი 2008 წელს დააპატიმრეს - მას შემდეგ, რაც რუსეთის სამინისტროებში მომუშავე ოფიციალურ პირებს ბრალი დასდო კომპლექსური სქემის შემუშავებაში, რომელმაც მათ სახელმწიფო რეზერვებიდან 230 მილიონი დოლარის მოპარვის საშუალება მისცა. გარდაცვალებამდე მას ციხეში სცემდნენ და სამედიცინო დახმარებაზე უარს ეუბნებოდნენ. 37 წლის მაგნიტსკის ციხეში სიკვდილის საქმე რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევისა და კანონის უზენაესობის უგულებელყოფის ერთგვარ სიმბოლოდ იქცა.


აშშ-ის მიერ შემოღებული კანონი ითვალისწინებს სიაში შეყვანილ პირებზე ვიზის გაცემის აკრძალვას და მათი ანგარიშების გაყინვას. ამასთან, კანონი მხოლოდ მაგნიტსკის საქმით არ შემოიფარგლება და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის სხვა შემთხვევებთან დაკავშირებული პირების დასჯასაც ითვალისწინებს.